"Северная Венеция" - красивая деревня в Голландии

„ჩრდილოეთის ვენეცია“-ულამაზესი სოფელი ჰოლანდიაში

გიოცნებიათ ცხოვრება იქ სადაც არ არსებობს მანქანები? იქ სადაც  გადაადგილება მხოლოდ ნავით არის შესაძლებელი?

თუ ამაზე არასდროს გიფიქრიათ მაშინ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და თან ძალიან მარტივად, პატარა ჰოლანდიურ სოფელში, რომელსაც „გითჰორნი“ ჰქვია.

პატარა ჰოლანდიური სოფელი „გითჰორნი“ დე ვიდენის ბუნებრივი წყალსაცავის ცენტრში მდებარეობს, მას ადგილობრივები „ჰოლანდიურ ვენეციას“ უწოდებენ. ის პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია.

სახლების უმრავლესობა პატარა კუნძულებზეა განლაგებული და ერთმანეთს ჯაჭვის ხიდებით უკავშირდება. სოფელი დაახლოებით 50-კუნძულისაგან შედგება, დამთვალიერებლები სოფელს „ჩრდილოეთის ვენეციას“ უწოდებენ.

გითჰორნში ძირითადი ტრანსპორტი ნავები ან კატარღებია, მათი ქირაობა ადგილზევეა შესაძლებელი. სოფლის ისტორიულ ნაწილში ვერც ერთ სამანქანო გზას ვერ ნახავთ. ბოლო დროის სიახლე ველოსიპედებისათვის განკუთვნილი ბილიკების კეთილმოწყობა იყო.

გზების არ არსებობის გამო სკოლაში და საყიდლებზე წასვლა არც თუ ისე მარტივია, როდესაც არხები იყინება, ადგილობრივებს გაყინულ წყალზე ციგურებით გადაადგილება უწევთ.

გითჰორნში არხების საერთო სიგრძე 7,5 კმ-ს აღწევს, სოფელში როგორც უკვე ავღნიშნეთ იშვიათად შეხვდებით მანქანას, რის გამოც სუფთა ჰაერი და სიმყუდროვე არასდროს ირღვევა.

გითჰორნი პოპულარული 1958 წელს გახდა, როდესაც რეჟისორმა ბერტ ჰანსტრამ ერთ-ერთი ცნობილი ფილმი „ფანფარე“ სწორედ ამ პატარა სოფელში გადაიღო.

სოფლის სახელწოდება მისი წარმოშობის ისტორიასთან არის დაკავშირებული. 1230 წელს ჰოლანდიის სამხრეთიდან მოსულმა ლტოლვილებმა ამ ტერიტორიაზე სოფლის დაარსება გადაწყვიტეს, აქ ჩამოსახლებულებს უპირველესად რაც თვალში მოხვდათ, წყალდიდობის შედეგად დაღუპული თხების რქები იყო („GOAT HORNS” - თხის რქა).

მოგვიანებით სოფლის მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ ამ ადგილას ტორფის საბადო იყო და დაიწყეს მისი მოპოვება, იქ სადაც ტორფის მოსაპოვებლად მიწას თხრიდნენ პატარა ორმოები ჩნდებოდა, ორმოები პატარა ტბებად იქცეოდა, რომლებიც ერთმანეთს უერთდებოდა და საბოლოოდ იმ არხების სახე მიიღო, რაც დღეისათვის უამრავ ტურისტს იზიდავს.

სოფელში დღეისათვის 2600-მდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სოფლის უნიკალურობა, დამოკიდებულია იმაზე, რომ მუდამ ცდილობენ  შეინარჩუნონ სოფლის ჰარმონიული გარემო, იდილეა და უნიკალური ბუნება.

აქ ყველაფერი სიმშვიდით, მყუდროებითა და იდეალური ჰარმონიით არის გაჟღენთილი. აქ ცხოვრება ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, დაახლოებით ისე როგორც მე-18 საუკუნეში იყო.

არხების გასწვრივ უამრავი ლამაზი სახლებია განლაგებული, არხის ნაპირას კი ვიწრო ასფალტის ბილიკი მიუყვება ფეხით მოსიარულეთათვის. საფეხმავლო ბილიკი ულამაზეს ხიდებს უკავშირდება.

სახლებთან, სადაც ასფალტის ბილიკი არ არის, ხის ნავსაყუდლებია აგებული რათა მოსახლეობამ შეძლოს სახლთან მისვლა.

უწინ სოფლის მოსახლეობა აქ თევზჭერით იყო დაკავებული, ახლა კი ამისათვის ლიცენზიაა საჭირო.

გასაკვირი არ უნდა იყოს რომ, ყველაფერთან ერთად ეს ულამაზესი და უმშვენიერესი სოფელი ძალზედ მოწესრიგებულია, იმის მიუხედავად რომ მანქანას იშვიათად ან საერთოდაც ვერ ნახავთ, ნავით მოსიარულეთათვის საგზაო ნიშნები ყველგანაა, ამიტომ საგზაო მოძრაობა საკმაოდ დარეგულირებულია.