ულამაზესი კუნძული-ტბაზე ალპიისპირა სახელმწიფოში - ეს სლოვენიაა!

თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ სლოვენიაში მოგზაურობა არც თუ ისე საინტერესო და მიმზიდველია - მაშინ შენ ცდები!

სწორედ აქ გელოდება ულამაზესი სანახაობა სახელწოდებით კუნძული ბლედი (“The Bled island”), რომელიც აგებულია თავისივე სახელწოდების ტბაზე და მოიცავს რამდენიმე შენობას, მათ შორის არის ღვთის მშობლის მიძინების ტაძარი.

ტბაზე აგებული კუნძული ზღაპრულ ილუსტრაციას მოგაგონებთ.

მისი შემოგარენი ულამაზესი მწვანე მცენარეებითაა გარშემორტყმული, იგი შესანიშნავ ხედს ქმნის წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი საოცარი სანახავია შემოდგომასა და გაზაფხულზე, როცა მცენარეების ულამაზესი ფერები ირკლება ტბის ზედაპირზე.

ამ ადგილს წარმართულ ეპოქაში სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ჟივას უკავშირებენ. ქრისტიანებსა და წარმართებს შორის ბრძოლა 745 წელს ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა, წარმართული ნაგებობები დაინგრა და მის ადგილას ქრისტიანული ტაძარი აშენდა. ამჟამად არსებული ბაროკოს სტილის ტაძარი მე-17 საუკუნეში აიგო.

ლეგენდის თანახმად, მაგიური ზარის ისტორია ტრაგიკული ქვრივის, პოლიქსენას სახელს უკავშირდება. დაქვრივების შემდეგ მან შეკრიბა ოქრო-ვერცხლი და მეუღლის სამახსოვროდ ზარი გააკეთა. თუმცა ძლიერი ქარიშხლის გამო ზარი, მენავე და ნავი კუნძულზე გადატანისას ჩაიძირა.

ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ ქვრივი რომში გაემგზავრა და მონაზვნად აღიკვეცა. პოლიქსენას გარდაცვალების შემდეგ მისი ისტორია პაპმა კლემენტი VII-მ გაიგო. მისი განკარგულებით დამზადდა ახალი ზარი, რომლის რწმენით სამჯერ დარეკვის შემთხვევაში მლოცველს სურვილი უსრულდება.

კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ნიჩბებიანი ნავით, ხოლო ტაძარში მოსახვედრად 99 კიბის ავლაა საჭირო, თუ თქვენ შეძლებთ და ყველა კიბეს გაივლით მაშინ „სურვილების ზარსაც“ დარეკავთ. თუ ზარს სამჯერ დარეკავთ, თქვენი სურვილიც ახდება, თუმცა მხოლოდ ერთი სურვილის ჩაფიქრება შეგიძლიათ.

ბლედის კუნძული და იქ მდებარე ტაძარი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

კუნძულს ყოველ წლიურად უამრავი მნახველი ჰყავს, განსაკუთრებით მიმზიდველია რომანტიული წყვილებისათვის.