თურქეთის მარგალიტი - მარმარისი

თურქეთის კურორტ მარმარისს ქვეყნის მარგალიტს უწოდებენ. ადგილი -  რომელსაც არასოდეს სძინავს და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა თურქეთში.

კურორტი მდებარეობს ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის კვეთაზე, ის გარშემორტყმულია ბორცვებით და ულამაზესი ბუნებით.

მარმარისის დაარსების თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო იგი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარმარისი ჩვენს წელთაღრიცხვამდეც არსებობდა, თუმცა მაშინ ცნობილი იყო სახელით „ ფისკოსი“.

გასული საუკუნის 80-იან წლებამდე მარმარისი პატარა სათევზაო სოფლად ითვლებოდა, სანამ კუნძულზე როდოსიდან არ ჩამოვიდნენ ფრანგი ტურისტები, რომლებიც აღფრთოვანდნენ აქაური ბუნებით, ზღვითა და კლიმატით და გადაწყვიტეს, რომ ეს ტურიზმის განვითარებისთვის იდეალური ადგილია. მალე აქ პირველი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ლიდია“ აშენდა. იმის შემდეგ კურორტმა უდიდესი სიჩქარით დაიწყო განვითარება და ახლა თურქეთის „იბიცად“ ითვლება,

წლიდან წლამდე აქაურ სანაპიროს უამრავი ტურისტი სტუმრობს, თუმცა მარმარისი ყველაზე პოპულარულია ინგლისელ და ჰოლანდიელ ტურისტებში.

ციხესიმაგრე

მარმარისზე ყოფნისას აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ მარმარისის ციხესიმაგრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ცნობილი გახდა და დიდი ისტორიის მატარებელიცაა, ის თავის დროზე, საიმედო დასამალ ადგილად ითვლებოდა.

მარმარისის აკვაპარკები

მარმარისზე საკმაოდ ცნობილი ორი დიდი აკვაპარკი მდებარეობს. „აქვა დრიმი“   მაღალ ბორცვზეა განლაგებული და სტუმრებს ულამაზეს ხედს სთავაზობს. მეორე აკვაპარკი „ატლანტისი“ კი პირდაპირ ზღვის პირას არის განლაგებული, ამიტომაც ის დამსვენებლებს ატრაქციონების გარდა სანაპიროზე დასვენებასაც სთავაზობს.

Akyaka

ეს არის პატარა დასახლება, რომელიც მდებარეობს კურორტიდან სულ ნახევარი საათის სავალზე. იდეალური ადგილია მათთვის, ვინც დაიღალა ფუსფუსით, ბარებში გატარებული უძილო ღამეებითა  და ხმაურით. აქ ვერ იპოვით დიდ სასტუმროებს ან ბარებს და მოიხიბლებით პატარა თეთრი სახლებითა და ვიწყო ქუჩებით.

დალიანი

მარმარისზე სტუმრობისას აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია დალიანი, ეს კლდეში ამოკვეთილი ქალაქია, თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი. აქ შეგიძლიათ ნახოთ საკმაოდ ბევრი კუ, გაისეირნოთ ზღვაში გემით (იახტით) ან უბრალოდ წაიხემსოთ აქაური უგემრიელესი ზღვის პროდუქტებით.

კნიდოსი

მსოფლიოში კნიდოსი  ანტიკური საბერძნეთის „სამეცნიერო ქალაქად“ არის ცნობილი. ამაში მას ხელს უწყობდა  სტრატეგიული ადგილმდებარეობა  - ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის საზღვარი. საინტერესოა, რომ ზუსტად აქ დაიბადა სოკრატე - ალექსანდრიის შუქურის ავტორი. კნიდოსი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სანაპიროზე გარუჯვის გარდა სურს ანტიკური სამყაროს შეგრძენაც.

მარმარისის სანაპირო

მარმარისზე სეირნობისთვის ყველაზე იდეალური ადგილი არის მისი სანაპირო ზოლი , რომელიც 12 კმ-ზეა გაჭიმული.  დიდ ღირსშესანიშნაობებს აქ ვერ იპოვით, თუმცა კარგ დროს გაატარებთ კომფორტულ კაფე-ბარებში, რესტორებსა და სუვენირების მაღაზიებში.