მილანი აღმოჩენების ქალაქი!

„მილანი არის აღმოჩენების ქალაქი, სადაც შეგიძლია დატკბე უმშვენიერესი ბაღებით სახლების გარშემო, ასევე ნახო არაჩვეულებრივი გალერეები და დაუჯერებლად მოდური მაღაზიები, გასინჯო გემრიელი საჭმელი, თუმცა საჭიროა აღმოაჩინო ეს ყოველივე“. (ფრანცისკო კოსტა)

მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი.

როდესაც მილანზე საუბარს ვიწყებთ უპირველესად გვაგონდება ცნობილი ფაქტი, რომ მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთი დედაქალაქთაგანია, ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი როგორც უკვე ვახსენეთ, განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი „Galleria Vittorio Emanuele“ პიაცა დუომოზე.

იტალიის ამ ულამაზეს ქალაქში უამრავი ადგილია სადაც ნამდვილად შეიგრძნობთ თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის კომბინაციას, გაგაოცებთ ტრადიციული სამზარეულო და რაღათქმაუნდა ჩაცმის სტილი.

მილანში ხელოვნების მოყვარული ტურისტისთვის მნიშვნელოვანი ადგილი  ტაძარი „Santa Maria delle Grazie“-იაა. ტაძარი ცნობილი გახდა ლეონარდო და ვინჩის ნახატით "საიდუმლო სერობა", ნახატი ასევე ცნობილია როგორც "უკანასკნელი ვახშამი". მიუხედავად ომის პერიოდისა ეს ფრესკა გადაურჩა დაზიანებას და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

 აქვეა ევროპის უდიდესი ოპერის სახლი ლასკალას თეატრი რომელიც  აიგო მე-17 საუკუნეში, იგი 2000 სტუმარს მასპინძლობს, მას საკუთარი მუზეუმი აქვს,  სადაც თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული უამრავი დოკუმენტი ინახება.

არ შეიძლება ჩახვიდეთ მილანში და არ მოინახულოთ ულამაზესი ნაგებობა სახელწოდებით: „ტრიუმფალური თაღი“, ნაპოლეონ ბონაპარტემ მილანის აღების შემდეგ ააშენებინა თაღი როგორც ახალი შესასვლელი მილანში.

თუ გსურთ განტვირთვა რეკრეაციული კუთხით, გართობა და კაფეში მშვიდად ყავის მირთმევა მაშინ აუცილებლად ეწვიეთ „სემპიონეს ბაღს“. ინგლისური ბაღი რომანტიკულ სტილშია მოწყობილი, დიდი მდელოებით, ფართო გზებით. აქ არსებული წყალსატევები ქმნის არაჩვეულებრივ რეკრეაციულ ზონებს, სადაც შეძლებთ მშვიდად დასვენებას გადაღლილი დღის შემდეგ.