საფრანგეთის პოპულარული კაფეები და რესტორნები

მოდის, კინემატოგრააფისა  და ღვინის მშობლიური ქვეყანა, რომანტიკის, ესთეტიკური სილამაზის, ხელოვნებისა და კულტურის ნაზავი - ეს საფრანგეთია!

თუ გადაწყვიტეთ საფრანგეთში მოგზაურობა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, სად დააგემოვნოთ ნამდვილი ფრანგული კერძები, ამიტომ  Love Travel-ი  გირჩევთ ეწვიოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს მაინც, რათა შეიგრძნოთ ფრანგული გასტრონომიის ნამდვილი გენიალურობა!

Café Flore

თავის დროზე აქ სარტრი და ბოვუარი, პიკასო, ჯაკომეტი და პრევერი იკრიბებოდნენ. დღეს მათ ნაცვლად, პარიზელ ინტელექტუალებთან ერთად, ფრანგ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, უამრავ ცნობილ ადამიანს - კარლ ლაგერფილდს, სონია რიკელს, შარლოტა გინსბურგს, ქეით მოსსა და კიდევ, ვინ იცის, ვის აღარ შეხვდებით დილის საუზმიდან გვიან ღამემდე.

Brasserie   Lipp

ერთ-ერთი ისტორიული ადგილია სენ ჟერმენზე. აქ ტრადიციულ, გემრიელ ფრანგულ კერძებს მიირთმევთ. „ლიპში“ ვახშმობას ადრე თეატრში წასვლასაც კი ადარებდნენ - მეტად თუ ნაკლებად ცნობილ პერსონაჟებთან შეხვედრა ერთგვარი რიტუალი იყო. მთავარი კერძი, რა თქმა უნდა, ტრადიციული ელზასური შუკრუტია - „ლიპის“ საგანგებო რეცეპტით, ფარსირებული ღორის კანჭით, რომელიც  25 ევრო დაგიჯდებათ.

ცნობილი დესერტები - ე.წ. „ბაბა“ რომით ან Millefeuille (ჩვენებური „ნაპოლეონი“), რომელიც 11,50 ევრო ღირს. სავარაუდოდ, ვახშმობისას თითო ადამიანზე  55-56 ევროს საფასური  უნდა გაითვლისწინოთ.

Derriere

ეს ოჯახური სამზარეულო ქალაქის შუაგულში, პარიზულ ეზოში მდებარეობს. შეგიძლიათ თავისუფლად ისეირნოთ ორიგინალური დიზაინით დამშვენებულ აპარტამენტებში, სადაც მეგობრულ, კოსმოპოლიტურ გარემოში შემოგთავაზებენ ფრანგული ტრადიციული კერძების საინტერესო და განახლებულ ვერსიებს. სადილიც ე.წ. „ბუფეტის“ სტილშია და დაახლოებით 30 ევრო დაგიჯდებათ. ვახშამიც 40 – 50 ევროს ფარგლებში მერყეობს.

Brasserie La Coupole

„არტ დეკოს“  სტილის ნამდვილი ნიმუში La  Coupole  მსოფლიოში უდაოდ ყველაზე ცნობილი  პარიზული ბრასერიაა. ქვეყნის ისტორიის პერიპეტიების მოწმე „ლა კუპოლი“ ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული, დღეს ეს გახლავთ საუკეთესო ადგილი ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის. საგულდაგულოდ არჩეული ზღვის პროდუქტების ლანგრის ფასი 26-დან 125 ევრომდე მერყეობს, გემოვნების მიხედვით.

Restaurant la Fontaine de Mars

აქ გელოდებათ ოჯახური, გულღია ატმოსფერო და შეუდარებელი კერძები, ასევე ღვინის უზადო არჩევანი. თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ბორდოსა და სამხრეთის დიდებული ღვინოები, მიირთვით არაჩვეულებრივად შემწვარი ფუა გრა, სტეიკი, იხვის მაგრე (მკერდ). სასმელის გარეშე ერთ ადამიანზე 55-70 ევრო გაითვალისწინეთ.

Les Cocottes – Maison Constant

გურმანებისათვის კარგად ცნობილია კრისტიან კონსტანის სამი არაჩვეულებრივი რესტორანი სენ დომინიკის ქუჩაზე, განსაკუთრებით, მისი მითიური ბისტრო - კოკოტები, ამ რესტორანში, სხვა ბევრ საინტერესო კერძთან ერთად, სრულიად განსაკუთრებულ სალათა „ცეზარს“ გთავაზობთ. ბატის ფუა გრა სოფლის პურით 15 ევრო დაგიჯდებათ. აქვე შეგიძლით მიირთვათ საოცრად გემრიელი შოკოლადის ტარტის მცირე ულუფებიც. სადილისათვის -  23, ვახშმისათვის - 80 ევრო გაითვალისწინეთ, აქ სტუმრობას წინასწარი დაჯავშნა არ სჭირდება, რესტორნის წინ ცოცხალი რიგია.

Marco Polo

თუ იტალიური სამზარეულო გიყვართ და გსურთ, სპაგეტი „ვონგოლე“ ან „ტალიატელი“ შავი ტრიუფელის საწებლით მიირთვათ, მაშინ სენის მარცხენა სანაპიროსკენ გაემართეთ.

„პრობლემა არ არის“, - ამ სიტყვებით შეგეგებებათ რესტორნის გულღია პატრონი, მაშინაც კი, როცა ტერასა სტუმრებით მთლიანად გავსებულია. ის სადმე ერთ პატარა მაგიდას მაინც აღმოაჩენს თქვენთვის. სასმელის გარეშე ერთი ადამიანისათვის დაახლოებით 60 ევრო გაითვალისწინეთ.  

Sourire de Saigon sangonis Rimili

ვიეტნამური გასტრონომიული რესტორანი უგემრიელეს კლასიკურ კერძებს შემოგთავაზებთ - „ნემი“, „რავიოლი“, „ბენიე“.  თუმცა, მის მთავარ ხიბლს კოლონიური სტილის დეკორი და ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი გაღიმებული მიმტანები ქმნიან.

ერთი ადამიანი დაახლოებით 70 ევროდ ივახშმებს.

Le Relais De l’Entrecote

თუ ფრანგული ტეიკის გასინჯვა გნებავთ, „ანტრეკოტს“ ეწვიეთ. კლასიკურ ფრანგულ დარბაზში ერთადერთ რეცეპტს შემოგთავაზებენ - ანტრეკოტი და კარტოფილის ფრიტები საიდუმლო შემადგენლობის მქონე საწებლით. ამის მსგავსს სხვაგან ნამდვილად ვერაფერს მიირთმევთ.

53, Passage des Panoramas

ერთი შეხედვით ულამაზო და არაფრით გამორჩეული ადგილი გასტრონომიის მწვერვალებს იპყრობს, თითოეული კერძი იაპონურ ბაღს წააგავს. მენიუ სიურპრიზია, და შესაბამისად, ყოველი კერძი საჩუქარს ჰგავს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ზღვის პროდუქტები, მათ შორის, დაუვიწყარი ლობსტერი პომიდვრის საწებლით და მოლუსკებით. სადილი - 60, ვახშამი კი 130 ევრო დაგიჯდებათ.

I’Entracte

“ანტრაქტმა“ რეტრო ჩანაფიქრითა და განსაკუთრებული კონცეფციით გამოირჩევა - წითელი ხავერდის ტახტი, დიდი სარკეები, მსახიობების ფოტოები და პიერ ივ როშონის დეკორაცია.

ის სპექტაკლის ერთგვარ გაგრძელებას ჰგავს ტრადიციული რაფინირებული კერძებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ღვინის დახვეწილ არჩევანს. ანტრეკოტი ბეარნული საწებლით 37 ევრო ღირს, არაცვეულებრივი შოკოლადის ტორტი ვანილის ნაყინით - 13 ევრო. საშუალოდ, ერთი ადამიანის ვახშამი 60 ევრო ჯდება.

Le Chateaubriand

მას ფრანგული გასტრონომიის ერთგვარ მეტეორად მოიხსენიებენ. რესტორანი მხოლოდ ვახშმისთვის იხსნება და ერთ ხუთნაწილიან მენიუს გთავაზობთ ( 70 ევრო ),  რომელიც გემოების ურთიერთკავშირზეა დამყარებული. თითოეულ კერძს სომელიეს მიერ შერჩეული ჭიქა ღვინო მოსდევს.

„შატობრიანის“ მენიუს შესახებ წინასწარ არავინ არაფერი იცის. მას ვერ აარჩევ, ვინაიდან ყოველ საღამოს მენიუ  ერთადერთი და განსხვავებულია, ისეთი, როგორსაც თავად მზარეული გადაწყვეტს.

La Petite Cour

კამპეი ჰისაოკა, ახალგაზრდა ნიჭიერი შეფ-მზარეული, ფრანგული სამზარეულოს სინატიფეს ამუშავებს, მხიარულ და ფერად საკვებში თვისი ორიგინალურობა და რომანტიზმი შეაქვს. საწყის კერძებს შორის გმორჩეულია „რავიოლი“ ლოკოკინებით, რომელიც 17 ევრო ღირ, ხოლო ხორცის ნაჭერი „ბლექ ანგუსი“ ბატის ფუა გრათი - 37 ევრო. ვახშამი, სასმელის გარეშე 51 - დან 70 ევრომდე დაგიჯდებათ.